უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ ველით

© FB/Давид Усупашвилиდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსუფაშვილი გერმანიაში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი მხოლოდ ჭიანურდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზებს ოქტომბრამდე გააუქმებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე პარასკევს იმსჯელებენ, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები — 20 ივნისს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგზე „ნუ ავაგებთ ნურაფერს, ნურც ოპტიმისტურს, ნურც პესიმისტურს".

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებით გადაიდო.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქმე გვაქვს პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან… გერმანიიდან საქართველოში ვბრუნდები გაცილებით უფრო დარწმუნებული, იმედიანი იმაში, რომ ეს პროცესიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე“, — აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში 8 ივნისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან ნორბერტ ლამმერტთან, ბერლინის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ რალფ ვილანდთან და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა საფრანგეთში. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ პრემიერის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს.

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტის დეპუტატები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0