თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბელარუსელი მომღერალი, ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი მაქს კორჟი თბილისში სოლო–კონცერტს გამართავს.
რეპერის გამოსვლა 11 ივნისს Tbilisi Event Hall-ის სცენაზე გაიმართება. მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი დიჯეი გიგი ჩიჩუა, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტის შემდეგ მაქს კორჟს თბილისის კლუბ One Side Tbilisi-ში აფთერ-ფართი ელოდება, საღამოზე DJ Selebrium-ი გამოვა.
მომღერალი და სიმღერების ავტორი მაქს კორჟი ქალაქ ლუნინეციდანაა (ბრესტის ოლქი). მომღერალი მუსიკით ბავშვობის ასაკიდან იყო დაინტერესებული. 16 წლის ასაკში კორჟმა მეგობრებთან ერთად მუსიკალური ჯგუფი LunClan-ი შექმნა, თუმცა მალე სოლო-კარიერა აირჩია.
კორჟი ოთხი სტუდიური ალბომის ავტორია. 2013 წელს, RAP.RU-ს ვერსიით, მისმა ფირფიტამ „ცხოვრება კაიფში“ რუსულენოვანი ალბომების ჩამონათვალში მეხუთე ადგილი დაიკავა. 2013 წელს მაქს კორჟმა მუსიკალურ ტელეარხ A-One Hip-Hop Music Channel-ზე „წლის არტისტის“ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მას სხვადასხვა მუსიკალური პრემიები და ჯილდოები აქვს მიღებული.