თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მოსკოვში კულინარული ონლაინ-გამოცემების რედაქტორებისთვის ქართულ სამზარეულოში მასტერ-კლასი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საქართველოში რუსი ტურისტების მოზიდვაზე, ამის პარალელურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რუსეთში პიარ-კამპანიას აგრძელებს. მასტერ-კლასის დაწყებამდე მონაწილეებისთვის აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად პრეზენტაცია გაიმართა.
რუსმა ჟურნალისტებმა ტრადიციული კერძები — ხინკალი და აჭარული ხაჭაპური მოამზადეს.
„კულინარიულმა მასტერ-კლასმა აჩვენა, რომ ასეთი სახის ღონისძიებას მასმედიაში დიდი გამოხმაურება აქვს. ათობით მასალა, რომელიც ქართულ სამზარეულოს ეძღვნება, ჩვენ პოტენციურ ტურისტებზე გავლენას ახდენს და ისინი არჩევანს აჭარაზე აჩერებენ“, — განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.
კულინარული მასტერ-კლასის გარდა ჟურნალისტებისთვის გაიმართა პრეს-ლანჩი, რომელსაც National Geograpic-ის, Travel Ru-ს, Interfax tourism-ის, Travelfax.ru-სა და TravelWeekly.ru-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყოველწლიურად საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.
წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანა 2 119 275-მა ადამიანმა მოინახულა, რაც 15,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.