მართვის მოწმობის არქონის გამო პანკისში ორი ახალგაზრდა სცემეს და დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულები სამართალდამცველებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელს უშლიდნენ.

9 ივნისი — Sputnik. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პანკისში, სოფელ ბირკიანში ორი ახალგაზრდა, 24 წლის ასლან მაჩალიკაშვილი და 23 წლის რუსლან ხანგოშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის თაობაზე პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. 

ერთ-ერთი დაკავებულის რუსლან ხანგოშვილის პაპის განცხადებით, ეს იყო პოლიციელების მხრიდან უფლებმოსილების გადამეტება და ახალგაზრდები უკანონოდ დააკავეს.

„როგორც მითხრეს, ბიჭები სოფელში მოტოციკლით იყვნენ გასული, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა და ვინც მართავდა ამ მოტოციკლს, არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ეტყობა მოხდა შელაპარაკება პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის, ამ ბავშვებმაც უთხრეს ალბათ საპასუხოდ სიტყვა, რაც მათ არ მოეწონათ. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, პოლიციელებმა ბიჭები სცემეს. შემდეგ მაისურები შემოახიეს და უთქვამთ, ესეც გეყოფათ, რომ ვითომ წინააღმდეგობა გაგვიწიეთო. ხვალ არის სასამართლო პროცესი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ პოლიციამ განგებ გაამწვავა საქმე. მათ შეძლოთ დაეჯარიმებინათ მართვის მოწმობის არქონის გამო“, — ამბობს რუსლან ხანგოშვილის პაპა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის პოლიციამ მკვლელობა უსწრაფესად გახსნა

აღნიშნულ საქმეზე საქმის კურსშია სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სოფო კაკაჩია

ყველა ახალი ამბავი
0