თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ჰიდროელექტროსადგური ბოტანიკური ბაღიდან შორს აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადების პასუხად. ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ბოტანიკურ ბაღში მილიარდერისთვის ჰესს აშენებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ“, — განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
დედაქალაქის მერის თქმით, მერიას ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, თუმცა ის აუცილებლად განიხილება დადგენილი წესის მიხედვით.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას დემაგოგია და ტყუილი უწოდა.
მისი თქმით, სინამდვილეში საუბარი იყო გენერატორის ტიპის პატარა ჰესზე, 0,250 კვტ სიმძლავრით, რომელიც წავკისში უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი, მინისტრის აზრით, არ განხორციელდება, ვინაიდან ფინანსურად მოგებიანი არ გამოდგა.