თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს შს-სამინისტრო ცნობილი საოპერო ბანის პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისიდან სამუშაო ლეპტოპის დაკარგვის საქმეს გამოიძიებს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
დაკარგული კომპიუტერი პარტიის ლიდერის მდივანს გვანცა იობიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ქურდობის შესახებ სამსახურში მისვლის შემდეგ გაიგო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს კოდექსის 177-ე მუხლით („ქურდობა“) დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთას გულისხმობს.
პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს უსწრაფესად გამოძიონ ქურდობის ფაქტი და გამოვლინდეს დამნაშავე.
”წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი აღქმული იქნება, როგორც გარე ძალების მოქმედება პარტიის წინააღმდეგ, რაც სამომავლოდ აჩენს შანს, რომ დაცული პირადი ინფორმაცია ბოროტად იქნება გამოყენებული პარტიის წინააღმდეგ”, —ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.
პაატა ბურჭულაძე IRI-ის კვლევების ლიდერია, მას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს. ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღბას გეგმავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.