თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კომპანია „სამხრეთ-კაკკასიის რკინიგზა“ 15 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრებს გადაიყვანს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
ერევანი-ბათუმის მარშრუტი სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი მეორე სარკინიგზო ხაზია, პირველი მარშრუტი ერევანი-თბილისის მიმართულება იყო.
მატარებელი „სომხეთი“ ერევნიდან ყოველდღიურად 15:30 საათზე გამოვა და მანძილს ბათუმამდე 15 საათსა და 40 წუთში დაფარავს, აცხადებენ „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზაში“.
გასულ წელთან შედარებით მგზავრობის საფასური 20%-ით შემცირდა და 9, 85 ათასი სომხური დრამიდან 20, 76 ათას სომხურ დრამამდე მერყეობს.
მატარებლის ვაგონები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გარდა ამისა, დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების ზომები. ამასთან ერთად, მგზავრებს ასევე შეეძლებათ უფასო Wi-Fi-თ სარგებლობა.
„კომპანიის დირექცია მოსახლეობას ჩვენი მატარებლით მგზავრობისას სრულ კომფორტს ჰპირდება“, — განმარტავენ უწყებაში.