თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე ზედიზედ მერვე წელს კვლავ მიიღო ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილთა მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 76-მა წევრმა სახელმწიფომ, წინააღმდეგი იყო 16, თავი შეიკავა 64-მა. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი, ვიეტნამი, ვენესუელა, სომხეთი, კუბა და სხვა ქვეყნები.
„საქართველოს მიერ ინიცირებული აღნიშნული რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.
რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
საგარეო უწყების განცხადებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც შეუძლებელს ხდის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას“, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.