თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წალკის სკოლის მოსწავლეთა მშობლების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც, მათი შვილები, დაპირებული ექსკურსიის ნაცვლად, თბილისში პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე ჩამოიყვანეს.
წალკის №2 სკოლის უფროსკლასელებმა თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მშობლებს უამბეს, რომ დედაქალაქში ექსკურსიის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის პარტიის „ახალი საქართველოს“ პრეზენტაციას დაასწრეს.
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება პოლიტიკურ პროცესებში განათლების სამინისტროს ჩართულობას, არის ძალიან მძიმე. ყველა ჩვენს ოპონენტს მოვუწოდებთ, დაანებონ თავი სკოლის პოლიტიზირებას. მის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
პარტია „ახალ საქართველოში“ განაცხადეს, რომ პრეზენტაციას დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ესწრებოდა და არ იციან, იყვნენ თუ არა მათ შორის არასრულწლოვნები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს გაერკვეს, როგორ მოხვდნენ მოსწავლეები ექსკურსიის ნაცვლად პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე.