თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური მამა დამიანე თავის მეუღლესთან ერთად თბილისში ვეგანურ კაფე „კივის“ ეწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ უცნობი პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
მაისის ბოლოს კაფეში შევიდა 10 კაცი ხორცპროდუქტებით და კაფეს მომხმარებელთა პროვოცირება დაიწყეს. სიტყვიერი შელაპარაკება ქუჩაში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა და მასში ადგილობრივი მცხოვრებნიც ჩაერთნენ. კაფეს თანამშრომელთა განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება ე.წ „ბერგმანის დაჯგუფებამ“ მოახდინა ორგანიზაცია „ქართული ძალიდან“, რომელმაც მოგვიანებით კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია.
„30 წლის მანძილზე ვეგეტარიანელი ვიყავი, ბოლო წელს კი ვეგანი გავხდი. ამიტომაც აქ ვარ მეუღლესთან ერთად. ის 22 წელი ვეგეტარიანელია, და წარმოდგენაც კი არ შემიძლია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ცხოველების ჭამა. საზოგადოება გვაიძულებს ხორცის ჭამას, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ხორცის გარეშე, და ეს არა მარტო ჩვენი სხეულისთვის, არამედ სულისთვის სასარგებლოა. მე მომწონს აქაური საჭმელი“,- Facebook-ის საკუთარ გვერდზე ციტირებს მამა დამიანეს სიტყვებს ბრიტანელი ჟურნალისტი ონიკ ჯაიმს კრიკორიანი.
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მღვდელი ამ კაფეს ეწვია, გახდა დაწესებულებაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მან ახლახან შეიტყო.
უნდა აღინიშნოს, რომ კვირას ვეგანურ კაფეს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი თავისი მეუღლით ეწვია, რომლებმაც კაფეს თანამშრომლებს თავისი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საქართველოს შს სამინისტრო იძიებს ამ ინციდენტს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ცემა“. დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.