თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციის „ქართული ძალის“ არც ერთ წევრს, არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტთან რომელიც 29 მაისს მოხდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული ძალა“ აქვეყნებს.
კვირას კაფეში შევიდა 10 კაცი ხორცპროდუქტებით და კაფეს მომხმარებელთა პროვოცირება დაიწყეს. სიტყვიერი შელაპარაკება ქუჩაში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა და მასში ადგილობრივი მცხოვრებნიც ჩაერთნენ. კაფეს თანამშრომელთა განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება ე.წ „ბერგმანის დაჯგუფებამ“ მოახდინა ორგანიზაცია „ქართული ძალიდან“.
«ქართული ძალის არც ერთი წევრი არ ყოფილა ვეგანური კაფის სიახლოვეზე და კავშირი არ აქვს ამ შემთხვევასთან; არავინ შევვარდნილვართ მწვადებით, არც ბურვაკის მურაბის ჭამა ვაიძულეთ არავის; არც ყელზე შემოხვეული სოსისით შეგვიშინებია ვინმე და არც საცივი შეგვისხავს სახეში, არც ბეგემოტის ტიკი აგვიფეთებია…“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ცემის“ მუხლით. „ქართული ძალა“ გამოძიების დასრულებას დაელოდება და იმ შემთხვევაში თუ მათი მონაწილეობა აღნიშნულ ინციდენტში არ დადასტურდა, ელოდება ბოდიშის მოხდას კაფეს თანამშრომლებისაგან.
„მაშინ როდესაც უკანასკნელ კაპიკებს ვაგროვებთ დროშებისთვის, ბანერებისთვის, დევნილების დასახმარებლად, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ბევრი ჩვენი აქტივისტი პამიდვრის დიეტაზეა გადასული და კაი ხანია მწვადი თვალით არ უნახავს. ასევე ვეგანურ კაფეს ვთავაზობთ შეღავათიან ფასში დაცვის სამსახურით მომსახურებას“, — აღნიშნულია „ქართული ძალის“ განცხადებაში.