თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სკანდალური განცხადებებით ცნობილმა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ახალი პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა მეჭიაურმა მმართველი პარტიის რიგები მაისის ბოლოს დატოვა, თუმცა თანამდებობაც შეინარჩუნა და უმრავლესობაშიც დარჩა.
„ჩვენ უკვე შევიტანეთ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ“, — განაცხადა დეპუტატმა პარტიის პრეზენტაციაზე.
საინიციატივო ჯგუფში შედის ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელმაც მანამდე შევარდნაძის მთავრობაშიც მოასწრო მუშაობა, სააკაშვილისაც და მილიარდელი ივანიშვილის გუნდშიც.
მოროშკინას განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილის სავარძელი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2001-2003 წლებში ეკავა. 2004 წელს, როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი მოვიდა, მას სახელმწიფო მინისტრის პოსტი შესთავაზეს კონფლიქტების დარეგულირების კუთხით. ხოლო 2012 წელს, ხელისუფლების კიდევ ერთხელ შეცვლის შემდეგ, ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულებისა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა. ამ თანამდებობაზე ის 2014 წლამდე მუშაობდა, სანამ არ გაათავისუფლეს.
მის გარდა მეჭიაურის პარტიაში ვიხილავთ სანდრო ბრეგაძეს — დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა.
მედიის ინფორმაციით, ბრეგაძის გადადგომა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხში მის პოზიციას უკავშირდებოდა. სწორედ სანდრო ბრეგაძე გახლდათ საქართველოს კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის შეტანის ინიციატორი, რომელიც მკაფიოდ დააფიქსირებს ქორწინების რაობას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს.
თამაზ მეჭიაურის პარტიას ასევე შეუერთდნენ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი დავით ფაცაცია.