თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.
„ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.