თბილისი, 5 ივნისი —Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ქალაქ ზუგდიდში, მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განახორციელონ აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისისა შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, ან ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge
ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გამოთქვამს სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გაუფორმოს აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.
საქართველოში 4 მოქმედი აეროპორტია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და პატარა აეროპორტი სვანეთში, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ავიარეისებისათვის გამოიყენება.
2015 წელს საქართველოში ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 2 მილიონ 261 ათასი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.