თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკევთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.