თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ავსტრიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშთეთერმა ქართველ კოლეგასთან თეა წულუკიანთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები მომავალში ავსტრიაში უვიზოდ წასვლას შეძლებენ.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოდან ავსტრიაში სტუმრობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი. ჩვენ მსგავსი კულტურა გვაქვს, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოსა და ავსტრიაში ცხოვრობდა. 100 წელზე მეტი ხნის წინ მას არ სჭირდებოდა საქართველოდან ავსტრიაში ჩამოსასვლელი ვიზა“,- ციტირებს ვოლფგანგ ბრანდშტეტერის სიტყვებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას ელექტრონული მმართველობის სფეროში. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკავდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ავსტრიასა და საქართველოში მმართველობის სფეროში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით 2 ივნისს გაემგზავრა. ვენაში ვიზიტისას მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბავშვებზე ძალადობისა და ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ“. ვიზიტი 3 ივნისს დასრულდება.