ის 9 წელია, რაც ამ ქვეყანაშია და ევროპის გამორჩეულ სცენებზე ბევრ კონცერტს მართავს. გარდა ამისა ავსტრიაში მას ასოციაცია "musica.Sepashvili” აქვს ჩამოყალიბებული. მისი მეშვეობით ქალბატონი ქეთევანი ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედს ეხმარება და ყოველ წელიწადს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ნიჭიერთა ათწლედის ბავშვების მონაწილეობით ამა თუ იმ ფესტივალზე კონცერტებს მართავს. მალე გამოდის მისი მეორე დისკი, რომელიც გაყიდვაში სექტემბრიდან იქნება. ჩვენ მას ავსტრიაში დავუკავშირდით.
-ქალბატონო ქეთევან, როგორც უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველის, თქვენი ცხოვრებაც ალბათ ორი ეტაპად იყოფა: უცხოეთამდე და უცხოეთის შემდეგ…
— დაგეთანხმებით. ყოველთვის მინდოდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო მეტი ცოდნა შემეძინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან კარგი პროფესიული სკოლა გავიარე, (ჯერ ნიჭიერთა ათწლედი და შემდეგ კი კონსერვატორია დავამთავრე), ევროპაში, კლასიკური მუსიკის ახალი თვალით დანახვა ყოველთვის მაინტერესებდა. საუბარი იყო ამერიკაში ჩემს გამგზავრებაზეც, თუმცა როდესაც ქალბატონმა ელისო ვირსალაძემ ლისაბონში “Vianna da Motta“-ს საერთაშორისო კონკურსის დასრულების შემდეგ მითხრა:,,მე ევროპაში წასვლას გირჩევო"- ამ თემაზე უფრო მეტად დავფიქრდი. 2005 წელს სასწავლებლად შვეიცარიაში, არაჩვეულებრივ პროფესორთან, ბატონ იურგ შტრუბთან (Jürg Strub) გავემგზავრე. მასთან ორი ძალიან ძვირფასი და ნაყოფიერი წელი გავატარე და დიდი ცოდნა შევიძინე.
- რა არის ის, რაც პრაგმატულმა, მოწესრიგებულმა ავსტრიულმა ურთიერთობებმა თქვენში, ანუ შემოქმედებითი ნატურის მქონე ქართველში შეცვალა?
— როგორც აღვნიშნე, შვეიცარიაში ვსწავლობდი, სწავლის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ავსტრიაში, ვენაში გადმოვედით. რაც შეეხება მოწესრიგებულ ცხოვრებას, ავსტრიაში, სადაც უკვე 9 წელიწადია ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა ბევრი რამ უფრო გამარტივდა. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას, პატივისცემას, ჩვენს შორის ხშირად გამართულ საინტერესო კულტურული საუბრებს… თუნდაც იმას, რომ აქ ხელმისაწვდომია არაჩვეულებრივი მუსიკალური წიგნები, რაც იმის გამო, რომ ისინი ქართულად არ არის თარგმნილი, დაინტერესებულ ქართველებს ძალიან აკლიათ. თუნდაც ის ფაქტი, რომ კონცერტის დაგეგმვა ერთი წლით ადრე ხდება და ყველა დეტალი უკვე გათვლილია —პროფესიონალებს საქმეს უადვილებს. ამასთან არც სპონტანურობა აკლიათ, რაც ამ მოწესრიგებულ ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. ჩემში რა შეიცვალა? ძნელია ამის თქმა- ყველაფერიც და არაფერიც… მთავარი ისაა, რომ მე აქ ბედნიერი ვარ: პატივს მცემენ და დიდ სიყვარულს მჩუქნიან. ყოველ ახალ დღეს კი ახალი ამბები მოაქვს და ჩემი ცხოვრებაც წინ მიდის..
- თუ შეიძლება, ჩაგეძიებით: როგორც პიანისტს გექნებოდათ თუ არა ისეთი ასპარეზი სამშობლოში, როგორიც გერმანიაში გაქვთ?
— მოკლედ და კონკრეტულად გაგცემთ პასუხს: არა, არ მექნებოდა…
- რომელია თქვენი მთავარი უცხოური წარმატებები?
— ძალიან ძნელია გახსენება…აქ სცენაზე ყოველი გასვლა უკვე დიდი წარმატებაა, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი რამდენიმე თვის უკან ავსტრიაში ჩატარებულ ფესტივალს "Kammermusik maria saal", ასევე ფესტივალს “Liszti“ ავსტრიაში და პოლონეთში რუბინშტეინის ფესტივალს. წინ ბევრი კონცერტი მელოდება, ჯერ შვეიცარიაში, მერე ისევ ვენაში, მიუნხენში, მერე იწყება ფესტივალები ავსტრიაში, ასევე გამოდის ჩემი მეორე დისკი, რომელიც გაყიდვაში სექტემბრიდან იქნება.
- როგორი იყო ქართველისა და გერმანელის სიყვარულის ამბავი?
— ჩემი მეუღლე ეროვნებით ავსტრიელია, მაგრამ მაპატიეთ, ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი დიდად არ მიყვარს…ერთს კი გეტყვით, რომ ნებისმიერ მანდილოსანს ვუსურვებდი ისეთ მოსიყვარულე, სულგრძელ და კეთილშობილ პარტნიორს ცხოვრებაში, როგორიც მე მყავს…
- ქართულ-გერმანული ოჯახის დიასახლისობა რით განსხვავდება ქართულისგან?
— მათ შორის სხვაობა რაშია, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან საქართველოში დიასახლისი არც ვყოფილვარ, სტუდენტი ვიყავი და სახლის საქმეებისთვის ბევრი დრო არც მქონდა, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა- ოჯახის წევრებს ყველაფერში ვეხმარებოდი. როგორც ასეთი დიასახლისი, არც ავსტრიაში ვარ, რადგან გზაში ყოფნა ხშირად მიწევს და აქედან გამომდინარე, ძნელია იყო დიასახლისი, თუმცა როცა მჭირდება- ყველაფრის კეთება შემიძლია. ოჯახურ საქმეებში მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუდგავართ მხარში.
- თქვენ ხელოვნების სფეროში აქტიურ მეცენატობასაც ეწევით…
— მე და ჩემმა მეუღლემ 2009 წელს ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია "musiaca.Sepashvili”, რომელიც ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედს ეხმარება. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბავშვების დახმარებაში გერმანიაში ერთ ძალიან ძვირფას ადამიანს და ფონდს "Martha Pulvermacher Stiftung"-ის პრეზიდენტს, ქალბატონ ქრისტინე ქლაუსსენს (Christine Claussen), რომელიც ყოველ წელიწადს არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ღონისძიების სულისჩამდგმელია. 2015 წელს ამ ფონდის დახმარებით ნიჭიერთა ათწლედს სამი ახალთახალი “Kawai”-ის ფირმის როიალი გადაეცა. ამ წლის ივლისში ტურნე გერმანიაშია დაგეგმილი. სულ ახლახან ჩემი ასოციაციის ინიციატივით, ვენაში, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, ლიზი ბუდაღაშვილი მოვიწვიეთ. ეს გოგონა, როგორც კომპოზიტორი და მხატვარი არაჩვეულებრივი ხელოვანია. ვენაში მისი ნახატების გამოფენა მოეწყო და ასევე მან საკუთარი კომპოზიციებიც შეასრულა. მომვალ წელს ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებისთვის მეოთხე “musiaca.Sepashvili” იგეგმება, რომლის გამარჯვებულიც კონცერტს ვენაში გამართავს.
- თქვენ მითხარით, რომ უცხოეთში ბედნიერი ხართ და მაინც, რომელ ქართულ მოგონებას ვერ ელევით დღემდე?…
— თითქმის ყოველ დღე მახსენდება ნიჭიერთა ათწლედში ჩემი გამზრდელი პედაგოგი ქალბატონი თამარ ფხაკაძე, ჩემთვის დეიდა ცაცა.. ამ ძვირფასმა ადამიანმა არამარტო მუსიკოსად გამზარდა, არამედ მუსიკის დიდი სიყვარულიც მასწავლა და ალბათ სწორედ მასთან დაკავშირებულ მოგონებას ვერ შეველევი…