თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ეუთოს ანგარიშში ოპოზიციამ იმის მტკიცებულება ამოიკითხა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ხოლო მმართველი ძალა აცხადებს, რომ ანგარიშში მხოლოდ მხარეთა მოსაზრებებია მოყვანილი.
ეუთოს წარმომადგენლები საქართველოში 26–29 აპრილს იმყოფებოდნენ. მათი ანგარიშის მიხედვით, 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე ჩაივლის.
„დასკვნა აჩვენებს, რომ ივანიშვილის მთავრობა ყველა შესაძლო კანონიერი და უკანონო მეთოდებით უკვე ამ ეტაპზე ცდილობს მაქსიმალური გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პერიოდზე. მაგრამ საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ამას და ოქტომბერში ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არავითარ რეალურ შედეგს არ გამოიღებს“, — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებს უკავშირებს.
„პარტიებს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ლობისტი ჰყავს, მათ შორის, ეუთოშიც“, — განაცხადა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა.
„ჩემთვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ“, — აღნიშნა „მრეწველმა“ ზურაბ ტყემალაძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა წარმომადგენლების პოზიციას, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის თქმით, ეუთოს დასკვნა არ შეიცავს შეფასებას.
„ვიზიტისას ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ მიწოდებული ფაქტები აქვთ წარმოდგენილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის შუალედური დასკვნა“, — განაცხადა ზალკალიანმა.
ეუთოს დასკვნის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათთან საუბარში შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ ბოროტად ისარგებლებდა ადმინისტრაციული რესურსებით, განსაკუთრებით კი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
გუშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ეუთოს შუალედური დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ დაიდება, რაც ორგანიზაცია ქვეყანაში დამკვირვებელთა მისიას მოავლენს.