თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოლდოვასთან, ბელარუსთან და ლიტვასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მოლდოვის, ბელარუსისა და ლიტვის შს მინისტრები ალექსანდრუ ჟიზდანი, იგორ შუნევიჩი და ტომას ჟილინსკასი თბილისში 2 ივნისს პოლიციის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა პოლიციური განათლების სფეროში ურთიერთქმედების აუცილებლობა აღნიშნეს.
შს მინისტრებმა შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიციური განათლების სფეროში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში რეგიონული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების კუთხით.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგა გიორგი მღებრიშვილთან. ვიმსჯელეთ იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება კიდევ მეტად გააღრმავებს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობას“, — განაცხადა ლიტვის შს მინისტრმა ტომას ჟილინსკასმა.
გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს ქვეყანაში უკვე განხორციელებული რეფორმები და სამომავლო პროექტებიც გააცნო.