თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სუს-ის, შსს-ს და გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი საველე ვარჯიში გამართეს.
სწავლებები „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის “ ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა გამართეს და მას საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას საშიში მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის დროს.
„საქართველო ლიდერია ქბრბ რისკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ამ კუთხით ყველა ქვეყანა გათვითცნობიერებული უნდა იყოს. აშშ, რომელიც საქართველოს ამაყი პარტნიორია, ეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით. ჩვენ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება“, განაცხადა ვარჯიშის დასრულების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორმა გარი ბლორმა.
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ რომელიც 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს,. კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. მასზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.