თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობა უკავშირდება რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებებით უკანონოდ ვაჭრობის საფრთხეებთან, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი (World Congress on CBRNe Science & Consequence Management) თბილისში 30 მაისს გაიხსნა.
კონგრესის მონაწილეები ისეთ საკითხებს იხილავენ, როგორიცაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ბიოდაცვა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები.
„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას უკავშირდება რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებებით უკანონოდ ვაჭრობის საფრთხეები, რაზეც მეტყველებს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის არაერთი ფაქტი“,- ციტირებს მღებრიშვილის სიტყვებს შს სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად იქნას დაცული სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოება, აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
თუმცა, მღებრიშვილის აზრით, უკანონო ვაჭრობის საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის შს სამინისტროს გარდა, ყველა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მოქმედებებია საჭირო.
თბილისში კონგრესის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება დაკავშირებულია საქართველოს პროგრესთან ქიმიის, ბიოლოგიის და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში.
ღონისძიებაში, რომელიც 2 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
2015 წლის აგვისტოდან, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია ბირთვული მასალების ბრუნვის 4 ფაქტი. ამ საქმეებთან დაკავშირებით, დაკავებულია 19 პირი.