თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოწვევა მიიღო, რომელმაც ყველა ქვეყანა-მონაწილეს მიმართა და ბრენდირებული სიგარეტის კოლოფების თანდათანობით აკრძალვას და მათ მაგიერ უნიფიცირებულების შემოღებას გეგმავს.
უნიფიცირებული სიგარეტის კოლოფები, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში გამოიყენება: ავსტრალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში, მუქი ყავისფერია, კოლოფის 75% იკავებს მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილება საშიში ნახატებისა და წარწერების სახით.
საერთაშორისო დღე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ მთელ მსოფლიოში 31 მაისს აღინიშნება. საქრთველოში ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის ქვეყნის თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელიც დაავადებათა და საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრმა ჩაატარა.
„ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ ამ მავნე ჩვევას, სახელმწიფომ კი ყველა პირობა უნდა შექმნას იმისათვის, რომ ადამიანებს საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის საშუალება არ ჰქონდეთ“,- განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე უნიფიცირებული სიგარეტის კოლოფების შემოღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მწეველთა რაოდენობა მოსწავლეთა შორისაც იზრდება, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს შორის და ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ ავიცილოთ ეგრეთ წოდებული თამბაქოს ეპიდემია“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მოწევისაგან მხოლოდ საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანი იღუპება, ანუ 30 ადამიანი დღეში. საქართველოში 55% მამაკაცი და 5% ქალი მწეველია.
სპეციალისტების სიტყვებით, საქართველოში 2013 წლიდან თამბაქოს პროდუქტებზე ფასები წელიწადში მხოლოდ 12 თეთრით იზრდება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.