თბილისი, 31 მაისი — Sputnik. აქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016 წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს, შესაბამის განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს,
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მაღალი ანაზღაურების გარდა, სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.
რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.