ბავშვთა დაცვის დღეს „მზის ფესტივალი“ გაიმართება

გამოწერა
პარკ „მზიურში“ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში გაართობენ ანიმატორები.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს თბილისში „ მზის ფესტივალი“ ჩატარდება.

ღონისძიება უკვე ზედიზედ მეთერთმეტედ იმართება თბილისში, თუმცა წლევანდელი „მზის ფესტივალი“ გამორჩეული იქნება, რადგან  პირველად ჩატარდება წყალდიდობის შემდეგ განახლებულ „მზიურში“.

„ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია სათამაშოებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, მასტერ–კლასები თოჯინების დამზადებაში, სპორტული შეჯიბრებები და ასევე მხიარული კონკურსები მშობლებისთვის“, — ნათქვამია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ბავშვებს „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში გართობენ ანიმატორები, ხოლო ამფითეატრში თეატრალიზებულ წარმოდგენას, „მზის ბაღს“ აჩვენებენ.

ბავშვები - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკი 1 ივნისს ბევრ სიურპრიზს პირდება

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება პარლამენტის ბიბლიოთეკის თაოსნობით მოწყობილი საქველმოქმედო ღონისძიებაც „ბავშვები ბავშვებისთვის“. ბიბლიოთეკა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის ბავშვებისთვის შეაგროვებს წიგნებს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, „მზის ფესტივალი“ აერთიანებს ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა“.

ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი, „იუნისეფი“ და „ჯი–პი–სი“.

ყველა ახალი ამბავი
0