თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო კინოსკოლა „ახალგაზრდა კინემატოგრაფთა თანამეგობრობამ“ სტარტი კინოთეატრ „ამირანში“ აიღო, განუცხადეს Sputnik-ს პროექტის ორგანიზატორებმა.
პროექტმა რუსი, ტაჯიკი, ყირგიზი, ბელარუსი, ლატვიელი, უკრაინელი, მოლდაველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი კინემატოგრაფები შეკრიბა.
ქართული კინემატოგრაფი პროექტში ორ ფილმს — რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილის „იყო ერთი მამაკაცი“ და თორნიკე ბზიავას „ სამძიმრების მოყვარულს“ წარადგენს.
კინოსკოლის ძირითად პროგრამაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, ასევე ერთობლივი ფილმ-ალმანახის სცენარის განხილვაა, რომელსაც თანამედროვე კინემატოგრაფები საერთაშორისო კინოსკოლის შედეგების მიხედვით გადაიღებენ.
პროექტის ხელმძღვანელი — კინომცოდნე და პროდიუსერი ვიაჩესლავ შმიროვია. კინოსკოლა დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო ფონდის ჰუმანიტარული თანამეგობრობისა და საქართველოში არსებული პარტნიორული სტრუქტურების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
საერთაშორისო კინოსკოლა თბილისში 3 ივნისამდე გაგრძელდება.