თბილისი 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე, ინგლისურ ნოტინგემში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ფინალში ქართველი მშვილდოსნები ანგარიშით 0:6 ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან — უკრაინის გუნდთან დამარცხდა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 5:4 დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენებმა მომდევნო რაუნდშიც ასეთივე ანგარიშით დაამარცხეს თურქები. ნახევარფინალში ქართველი მშვილდოსნები ინგლისის გუნდს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად გულშემატკივრების მხარდაჭერისა, მასპინძელთა ნაკრებმა ანგარიშით 3:5 დათმო საქართველოს ნაკრებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიცენზია რიოს ოლიმპიადაზე ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, სანამ კონტინენტთაშორისი ორთაბრძოლის გამარჯვებულმა — უკრაინის ნაკრებმა, სასურველი საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.
უკრაინელ მშვილდოსნებს საგზურის მოპოვების ბოლო შანსი მსოფლიო თასის ეტაპზე ექნებათ, რომელიც ანტალიაში ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. ამისათვის ისინი პირველ სამეულში უნდა მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები თურქეთის ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.