თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კავკასიის ჯაზფესტივალი საქართველოში 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისამდე გასტანს.
ღონისძიება უკვე მეშვიდედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. კონცერტები გაიმართება თბილისსა და ახალციხეში.
ქართველ შემსრულებლებთან ერთად ფესტივალში ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, გერმანელი და ამერიკელი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, იუწყებიან ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთობლივად, 1–14 ივნისს პირველად იმუშავებს ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის შემსწავლელი ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ლუვილის უნივერსიტეტის ამერიკელი პედაგოგები და მუსიკოსები — მაიკლ ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა) გაუძღვებიან.
პროექტ „კავკაზ ჯაზფესტივალის“ ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge, ხოლო მისი წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერი გახლავთ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის პარტნიორები არიან თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.