თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა 29 მაისს ეწვევა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება.
“დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ», — იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის.
ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 1993 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში 2014 წელს.