თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში 30 მაისს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ვიზიტის ფარგლებში ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება, რომელიც ტექნო პარკში ჩატარდება, ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სლოვაკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით.
ღონისძიებაზე მოეწყობა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, იუწყებიან სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
ფორუმის ძირითადი სექტორებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი,ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
სლოვაკური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება.
2015 წელს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გარესავაჭრო ბრუნვამ 23,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან იმპორტმა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ხოლო სლოვაკეთიდან იმპორტმა-17,4 მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულობა და რიგი უწყებათაშორისი შეთანხმება, რომელთა წყალობით შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადები მოხსნილია.
საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, საქართველოში კი სლოვაკეთის საელჩო —2014 წელს.