თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი პოეტისა და პროზაიკოსის ჩარლზ ბუკოვსკის რომანის „ქალები“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
რომანი „ქალები“ — ეს ავტობიოგრაფიული წიგნია ჩარლზ ბუკოვსკის ციკლიდან „ჩინასკის ოდისეა“, რომელიც ხუთი ნაწარმოებისგან შედგება. ციკლი, გარდა ბოლო რომანისა „მაკულატურა“, ჰენრი ჩინასკის მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლებსა და ინტრიგებზე მოგვითხრობს.
„ქალების“ ქართული თარგმანი თბილისის წიგნის ფესტივალზე რომანის მთარგმნელმა დიმიტრი გოგოლაშვილმა წარმოადგინა. თარგმანი Ochobooks-მა გამოსცა.
წიგნის ფესტივალის ფარგლებში 27 მაისს ასევე წარმოდგენილია ქართული თარგმანები: ოსკარ პანტოხას გრაფიკული რომანისა „გაბო“ გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრების შესახებ (მთარგმნელი თეა გვასალია), მაქს ფრიშის უკანასკნელი რომანის „ლურჯწვერა“ (მთარგმნელი დავით კაკაბაძე), პატრიკ როთფუსის წიგნის „ქარის სახელი“ პრეზენტაცია (მთარგმნელი ქეთევან ჯაყელი).
გარდა ამისა, ფესტივალზე გაიმართება მკითხველის შეხვედრა გელა ჩარკვიანთან, კონკურსის გამარჯვებული ბლოგერების დაჯილდოება, 3დ სერიის მასტერკლასი — ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების, დეტალების, სცენების აწყობა/სწავლება და სხვა.
რიგით მეთვრამეტე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება. წელს ფესტივალზე 60-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.
წიგნის ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი გამოცემების პრეზენტაციები, ავტორებთან შეხვედრები, დისკუსიები, სახალხო კითხვა, სემინარები და სხვა.
ფესტივალის საპატიო სტუმარია პოპულარული რუსი მწერალი, ფანტასტიკური რომან-ანტიუტოპიის „მეტრო 2033“ ავტორი დმიტრი გლუხოვსკი. მისი შეხვედრა თაყვანისმცემლებთან 28 მაისს გაიმართება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის მიერ 1997 წლიდან იმართება. წელს ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.