თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს მსუბუქი საბრძოლო შეიარაღებისა და ჯავაშანმაქანების გარკვეული მოდელების წარმოების პოტენციალი გააჩნია, თვლის სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
მსუბუქი შეიარაღება ეწოდება ქვეითთა იარაღს, რომლის ტარებაც ერთ ჯარისკაცს შეუძლია. მსუბუქ შეიარაღებაში შედის რევოლვერები, პისტოლეტები, მსუბუქი ტყვიამფრქვევები, მოიერიშე შაშხანები, კარაბინები, საბრძოლო შაშხანები, სნაიპერული შაშხანები, მრავალლულიანი იარაღები, პისტოლეტ ტყვიამფრქვევბი და ზოგჯერ ხელის ყუმბარები.
„შეიარაღების გაყიდვა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ერთ–ერთი კარგად შემოსავლიანი ბიზნესია. საქართველო ახლა შედის ამ ბაზარზე და რამდენად გააჩნია მას აქ ფეხის მოკიდების პოტენციალი, ამას დრო გვიჩვენებს, რადგან, მარტო ბაზარზე შესვლა საკმარისი არ არის, საქართველომ იქ თავი, როგორც სანდრო პარტნიორმაც უნდა დაიმკვიდროს“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
შეიარაღების მწარმოებელ ქვეყნებს შორის არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და შვედეთი.
„შეიარაღების წარმოება აზერბაიჯანმაც დაიწყო და მან ამისათვის სპეციალური სამხედრო ინფრასრტუქუტურაც კი შექმნა, ჩვენთან ეს მხოლოდ ერთჯერადი ქმედებაა, რადგან მწარმოებელი ქარხანა თვითონ გადის გარკვეულ საბაზრო სეგმენტზე, რაც, რა თქმა უნდა, მასშტაბურ სურათს არ ქმნის. ამიტომ ამ ეტაპზე შეიძლება ნაადრევი იყოს რაიმე სერიოზულ მიღწევებზე საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვვეაში, საქართველოს ამ სფეროს განვითარების პოტენციალი გააჩნია“, — განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.
ქართული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ წარმოებული დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულები უკვე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეისყიდა. გარიგების საერთო ღირებულებაა 67 მლნ ლარი.
კონფიდენციალური შეთანხმების დეტალებზე, რომელსაც 2016 წლის 15 მარტს მოეწერა ხელი, საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ „დელტას“ ყოფილი გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ქართული სამხედრო ტექნიკის 23 მლნ ლარის ღირებულების პირველ პარტიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თვის ბოლოს გაგზავნიან.
დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული „დელტაში“ რამდენიმე წლის წინ გამოიგონეს. ის დამონტაჟებულია ქართულ საბრძოლო მანქანა „ლაზიკაზე“. მოდული შედგება 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით.
სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები.
ეს ქართული სამხედრო ტექნიკის საზღვარგარეთ მიწოდების პირველი შემთხვევა არ არის. წელს „დელტამ“ უკვე დადო ხელშეკრულება რამდენიმე ათეული დაჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა Medevac-ის საუდის არაბეთში გაგზავნის შესახებ. ექსპერტები გარიგებას დაახლოებით 90 მლნ ლარად აფასებენ.