თბილისი. 26 მაისი — Sputnik. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ნახევარმცველის ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი თბილისში 27-დან 31 მაისამდე გაგრძელდება.
ტურნირში მონაწილეობას 16 წლამდელთა კატეგორიაში რვა კლუბი მიიღებს. თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობის მოწვევით, რომელიც შეჯიბრების ორგანიზატორია, საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ ისეთი გუნდები, როგორიცაა „ბეშიკტაში’, „ტრაბზონსპორი“ (ორივე თურქეთიდან), „ლეხია“(პოლონეთი), „აზ ალკმარი“(ჰოლანდია), „შერიფი“(მოლდოვა).
ასევე ტურნირში მონაწილეობას სამი ქართული კლუბი მიიღებს-„დინამო“ თბილისი, „დინამო“ თბილისი2 და ლოკომოტივი.
თავდაპირველად თბილისში ესპანური კლუბი „ჰეტაფე“ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ კლუბში მიმდინარე რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით გუნდი იძულებული იყო ტურნირში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. მისი ადგილი „დინამო“ თბილისი2-მა დაიკავა.
ფინალის გარდა ყველა მატჩი თბილისის „დინამოს“ აკადემიის მოედანზე ჩაატარდება,ისიც დარასელიას სახელს ატარებს. გადამწყვეტი შეხვედრა კი „დინამოს“ არენაზე ჩატარდება.
ვიტალი დარასელია თასთა თასის ფინალში გერმანული „კარლ ცეისის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი გახლავთ, რომელიც თბილისის „დინამოელებმა“ 1981 წელს 2:1 ანგარიშით მოიგეს.