თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს არა მხოლოდ იმისათვის, რომ ქართული კერძები გასინჯოს და მის კურორტებზე დაისვენოს, არამედ ასევე იმისათვის რომ მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი — ქართველები გაიცნოს, უთხრეს Sputnik-ს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე ეწვივნენ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლისთავს აღნიშნავს.
ფრანგმა, ავსტრალიელმა, დანიელმა ტურისტებმა თავიანთ შთაბეჭდილებებზე გვიამბეს და სიხარული გამოხატეს იმის გამო, რომ მათი ჩამოსვლა ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს დაემთხვა და მათ საშუალება ჰქონდათ სადღესასწაულო ატმოსფერო გაეზიარებინათ.
„მიხარია, რომ ქართველებთან ერთად ვიზიარებ ამ დღესასწაულს, ვხედავ ამდენ ბედნიერ სახეს, ოჯახებს. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისათვის. მე დღეს ვხარობ ამ ლამაზ და კეთილ ხალხთან ერთად“, — თქვა ფრანგმა ტურისტმა კატრინ ფრაგნიერმა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტებისათვის გამოფინა სტენდი „საქართველოს გაცნობა“, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ვირტუალურად გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, გადაეღოთ ფოტოები და გაცნობოდნენ ტურისტულ პაკეტებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს დღე საინტერესო ყოფილიყო როგორც ადგილობრივებისათვის, ისე ტურისტებისათვის,“- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„ძალიან მიყვარს მთები, ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი. ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს ჩამოვსულიყავი ქვეყანაში, რომელიც განთქმულია თავისი მთაგორიანი ლანდშაფტით. მართლაც, საითაც არ უნდა გაიხედო მთებია, ეხლაც კი, როცა დედაქალაქის ცენტრში ვდგავართ, ირგვლივ მთები გვაკრავს, ეს მშვენიერია“, — აღნიშნა ავსტრალიელმა ტურისტმა კერი რობერტსონმა.
ტურისტთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა სტენდები, რომელიც ქართულ ღვინოსა და კერძებს ეძღვნებოდა.
„მეუღლესთან ერთად დრეს დილით ჩამოვედი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა ვნახე როგორ ემზადებოდა ქალაქი სადღესასწაულოდ. ვგიჟდები ამ ქვეყნის ბუნებაზე და კულტურაზე. დღეს ვიზეიმებთ ქართველ ხალხთან ერთად, ხვალიდან კი მოგზაურობას დავიწყებთ ამ საოცარი ქვეყნის კუთხეებში“, — აღნიშნა ტურისტმა დანიიდან ანეტ არასტრუპმა.