თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო ის სახელმწიფო უნდა გახდეს, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიაზე.
დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი თბილისსა და ქვეყნის კიდევ ხუთ რეგიონში 432 ახალწვეულის სამხედრო ფიცის დადებით დაიწყო. პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს, ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
სწორედ ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან 2016 წელი ევროპის წლად გამოაცხადა. წელს საქართველო ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„დღეს აქ თქვენთან ერთად ვზეიმობ და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ერთად ვიქნებით, რომელსაც მივაღწევთ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი. ღმერთმა დაიფაროს საქართველო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ქართველ სამხედროებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გამოვიდნენ აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.