თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური დაბადების მოწმობები იმ ბავშვებისთვის დაამზადა, რომლებიც 26 მაისს დაიბადებიან-ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის დღესასწაულის დღეს.
დაბადების მოწმობის ყდას შემდეგი წარწერა დაამშვენებს: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“.
ახალი დიზაინის მქონე დაბადების მოწმობის შექმნის შესახებ შესაბამისი ბრძანება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოსცა.
ხუთშაბათს საქართველოს დედაქალაქი ისევ გახდება დღესასწაულის ცენტრი. თბილისის ცენტრში ჩატარდება კონცერტები, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია, სპორტული ღონისძიებები, ყვავილების ფესტივალი. სხვადასხვა ღონისძიებებს სამინისტროებიც ჩაატარებენ.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამი წელი იარსება — 1921 წლის თებერვლამდე, როდესაც საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. 1922 წლიდან 1991 წლამდე საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წლის 31 მარტს აღდგა. ამ საკითხისადმი მიძღვნილი საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელმაც დამოუკიდებლობისკენ მიმავალი კურსი დაადასტურა და რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი მიიღო.