თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემ თბილისში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
მარგველაშვილმა და მურნიეცემ საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა განიხილეს. ამას გარდა, მხარეები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
მარგველაშვილი და მურნიეცე სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას დახვრეტის ფაქტსაც შეეხნენ, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეწვია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოწვევით.
ინარა მურნიეცე უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელა. უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის.