თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ქართულ კინოგაქირავებაში გამოდის რეჟისორების თეონა და ტიერი გრენადეების ფილმი „ძმა“, რომელიც 90-იანი წლების თბილისზე მოგვითხრობს.
საფრანგეთი-საქართველოს ერთობლივი წარმოების ფილმის მსოფლიო პრემიერა 2014 წელს როტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა. ამის შემდეგ ფილმმა მრავალრიცხოვანი პრესტიჟული კინოფესტივალები მოიარა და ფრანგულ კინოგაქირავებაში წარადგინეს. „ძმის“ პრემიერა თბილისში 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.
„ფილმი 90-იანი წლების თბილისზე მოგვითხრობს, სადაც ტონი მონტანას და ვიტო კორლეონეს ისტორიებით გატაცებული 17 წლის გიორგი ცდილობს მის უმცროს პიანისტ ძმას ოცნებების ახდენაში დაეხმაროს", — აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
თეონა გრენადე (მღვდელაძე) თბილისის მკვიდრია. დაამთავრა პარიზის კინოსკოლა La Femis. მისმა სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დავიწყებული პარტიტურა“ 40-ზე მეტი კინოფესტივალი მოიარა და ხუთი პრიზი მიიღო. რეჟისორსა და კინოპროდიუსერ ტიერი გრენადეს თეონა 2004 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ისინი დაქორწინდნენ და მას შემდეგ მრავალი კინოპროექტის თანაავტორები გახდნენ.
„ძმა“ — თეონა და ტიერი გრენადეების დებიუტია მხატვრულ კინემატოგრაფში. სურათში გადაღებული არიან ირაკლი რამიშვილი, ზუკა ცირეკიძე, კახი კავსაძე, ნატაშა შენგელაია და ელენე გლურჯიძე.