თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს მსოფლიო ბესტსელერების ქართული თარგმანები, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და უახლოესი გამოცემები ელოდებათ.
ფესტივალი საქართველოს დედაქალაქში 26-29 მაისს, საგამოფენო დარბაზ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.
„რიგით მეთვრამეტე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გამოირჩევა ღონისძიებებისა და საგამომცემლო სახლების, ავტორების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და მრავალი სხვა პროფილური ორგანიზაციების მრავალფეროვნებით“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, წელს ფესტივალზე 60-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.
წიგნის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი გამოცემების პრეზენტაციები, ავტორებთან შეხვედრები, დისკუსიები, სახალხო კითხვა, სემინარები და სხვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თარგმანები ისეთი წიგნებისა, როგორებიცაა ჰელენ ფილდინგის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, გაეტანა სუსის „გოგონა, რომელსაც ასანთთან თამაში უყვარდა“, რიუ მურაკამის „პირსინგი“, სერგეი ლოიკოს „აეროპორტი“, „ჩარლს ბუკოვსკის „ქალები“, ფრენკ ჰერბერტის „დიუნა“, რეი ბრედბერის „მარსიანული ქრონიკმები“ და სხვა.
ლიტერატურის ნორჩი მოყვარულებისთვის ფესტივალზე, ტრადიციულად, სპეციალური საბავშვო კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო-გასართობი ღონისძიება ჩატარდება.
ფესტივალის საპატიო სტუმარია პოპულარული რუსი მწერალი, ფანტასტიკური რომან-ანტიუტოპიის „მეტრო 2033“ ავტორი დმიტრი გლუხოვსკი. მისი შეხვედრა თაყვანისმცემლებთან 28 მაისს გაიმართება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის მიერ 1997 წლიდან იმართება. წელს ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სამთავრობო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.