თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საქართველოში 24 თებერვალს აღნიშნავენ, იუწყება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში, 24 თებერვალს, პირველად აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი კითხვის მოყვარული ესწრება.
24 თებერვალს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსტეტებში და სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებების ხმამაღლა კითხვა.
საქართველოს მწერალთა სახლში 18:30-ზე ლიტერატურული ნაწარმოებების საჯარო კითხვა გაიმართება.
აქვე გაიმართება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრემია „წლის წიგნის ქომაგის“ პრეზენტაცია, რომელზეც ლაურეატის გამოვლინება მოხდება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საჯარო კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების სამსახურისა და კომპანია LitWorld-ის მხარდაჭერით ტარდება.