თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგს გაუადვილებს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
„ძალზე მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია ჩვენთვის, რადგან აქ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, კონფერენცია ასევე ხელს შეუწყობს დიალოგს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის უსაფრთხოების საკითხებზე, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე“, — აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ჩიტაძემ.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენცია (GDSC) თბილისში 24–25 მაისს ტარდება, კონფერენციის მუშაობაში 300 სტუმარი იღებს მონაწილეობას. ესენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.
ნიკა ჩიტაძის თქმით, კარგი იქნება თუ ამ კონფერენციაზე საქართველოსა და ნატო-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განისაზღვრება.
„აუცილებელი არაა მომხსენებლების მხრიდან იმის გამეორება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არამედ საჭიროა საუბარი მომავალზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო დაუახლოვდეს ნატოს“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.
წელს კონფერენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან დროს, ნატოს ვარშავის სამიტის წინ იმართება. ორდღიანი კონფერენციის შედეგებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეაჯამებენ.