ბათუმის თოჯინების თეატრი სარაევოს ფესტივალის პრიზიორი გახდა

გამოწერა
ბათუმის თოჯინების თეატრმა თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე Lut Fest სპექტაკლი „წითელქუდა“ წარადგინა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ბოსნია და ჰერცოგოვინაში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის Lut Fest-ის პრიზიორი გახდა.
სარაევოში რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო თოჯინების ფესტივალი 15-21 მაისს ჩატარდა.

საქართველოსთან ერთად თავისი შემოქმედება ფესტივალის სცენაზე 20 ქვეყნის თოჯინების თეატრებმა წარადგინეს. მათ შორის იყვნენ ესპანეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ხორვატია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი — ეს უკანასკნელი ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.

Tilde-ს თეატრის მსახიობი - Sputnik საქართველო
ქართული ექსპერიმენტული თეატრი „შემოქმედებითი აღმაფრენისთვის“ დაჯილდოვდა

ბათუმის თეატრი სარაევოს ფესტივალში პირველად მონაწილეობდა. კონკურსზე თეატრმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი — „წითელქუდა“ წაიღო.

„ჟიურისგან სპექტაკლის საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრემია მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს სპექტაკლის წარმატების პირველი შემთხვევა არ არის — 2015 წელს თეატრმა ეს ზღაპარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ფესტივალზე „ადამიანებიც, თოჯინებიც — 2015“ წარადგინა, სადაც ასევე საუკეთესო სპექტაკლების სიაში შევიდა“, — განაცხადა ბათუმის თეატრის ხელმძღვანელმა მედეა ჩარკვიანმა.

შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპრის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი მელია. ზღაპარში თოჯინები პატარა სცენაზე ჩემოდანში მოძრაობენ.

„წითელქუდას“ პრემიერა ბათუმის თეატრში 2014 წელს გაიმართა.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 1936 წელს თოჯინების დამოუკიდებელი თეატრის ბაზაზე შეიქმნა. მას ხელმძღვანელობდნენ ქართველი რეჟისორები გრიგოლ კოსტავა და კონსტანტინე დოღონაძე.

ამჟამად თეატრის რეპერტუარში 30 სპექტაკლია. თეატრი აქტიურად დადის გასტროლებზე და მრავალი საერთაშორისო თოჯინების ფესტივალის ლაურეატია.

ყველა ახალი ამბავი
0