თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მრავალფუნქციური კომპლექსი Twin Tower-ი, რომელსაც ბათუმში ააშენებენ, სასტუმრო ნომრების რაოდენობით მსოფლიოში მეექვსე იქნება.
კომპლექსი ორ 45-სართულიან კორპუსს გააერთიანებს, რომელშიც 4,5 ათასი სასტუმრო ნომერი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელსაც ქართული კომპანია ORBI GROUP-ი განახორციელებს, 120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
კომპლექსის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც 19 თვეში დასრულდება, განთავსდება რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, საბავშვო მოედანი, საკონფერენციო დარბაზები, ავტოსადგომები და სხვ.
მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 3000 ადგილობრივი დასაქმდება, განაცხადეს აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურში.
ORBI GROUP-ი საქართველოში ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა. ამჟამად კომპანია მშენებლობას 1 250 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აწარმოებს, ხოლო მისი თანამშრომელთა რაოდენობა 6 ათას ადამიანამდეა.