თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხობის რაიონის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საშუალო დისტილატებისა და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად, გამოიმუშავებს 40 მგვტ/სთ ელექტროენერგიას, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საწარმოს ინვესტორია შპს „ფაზის ოილი“. იგი შპს Socar Georgia Investments-ის სამართალმემკვიდრეა, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებულია ინვესტორის მთელი რიგი ვალდებულებები — მან გადაცემულ ქონებაზე უნდა განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.
ინვესტორი ასევე ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო–5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური სტანდარტის საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ამასთან ერთად, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% საქართველოს მოქალაქე იქნება.
შპს „ფაზის ოილი“ საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელია ჟენევაში (შვეიცარია) რეგისტრირებული Streamtrade SA. კომპანია საერთაშორისო ვაჭრობით არის დაკავებული, მათ შორის ნავთობპროდუქტებისა და საკვები პროდუქტების ვაჭრობით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ყულევში „სოკარის“ კუთვნილი ნავთობის ტერმინალი მდებარეობს. ტერმინალის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 10 მლნ ტონაა.