თბილისი, 21 მაისი – Sputnik. უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ „ევროვიზია 2017“–ის ჩატარებისთვის სახსრების 90% სპონსორების, ინვესტიციების ხარჯზე იქნება, რათა ის ქვეყნის ბიუჯეტს არ დააწვეს მხრებზე, განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშჩუკმა.
„ევროვიზია 2016“–ის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა.
კონკურსის წესების მიხედვით, კონკურსს მომდევნო წელს გამარჯვებულმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს. ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანილიუკი წინადადებით გამოვიდა, შეფასდეს კონკურსის ჩატარების მიზანშეწონილობა, რადგან მისი ორგანიზება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი კონკურსის ჩატარებაზე უარს არ იტყვიან.
„ფინანსთა მინისტრი, ბუნებრივია, შეშფოთებულია, მას ეკისრება ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა. მე დავუკავშირდი ალექსანდრ დანილიუკს. მას თავად ესმის, რომ ევროვიზია უკრაინისთვის საჭიროა. სხვა საქმეა, რომ მიგვანიშნებს, ევროვიზიის ჩატარების ხარჯის 90% სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააწვეს მხრებზე, არამედ იყოს სპონსორების, ევროპული, საინვესტიციო. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“, – განაცხადა ნიშჩუკმა.
მინისტრის თქმით, ის ფინანსთა მინისტრის პოზიციას მხარს უჭერს. მისი აზრით, სახსრების შემოდინება შესაძლებელია, მაგალითად, ბილეთების გაყიდვის, რეკლამის ხარჯზე.