თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პირველი გოლი ლევან ბაჟელიძის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა. გოლის ავტორია ნათია ბაქრაძე.
საქართველოს ნაკრებმა, მიუხედავად უპირატესობისა მეორე ტაიმში, ბურთების გატანა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო. 73–ე წუთზე ბაქრაძემ დუბლი გააფორმა, ხოლო 10 წუთის შემდეგ ლანა გორგაძემ საბოლოო შედეგი დაადგინა.
პირველი ამხანაგური შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ასევე თბილისში გაიმართა.
ქართული გუნდისთვის ორივე შეხვედრა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მზადების ნაწილია. მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ბელფასტში 3 ივნისს გაიმართება.
ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ შესარჩევ ჯგუფში 6 საქართველოს ბოლო ადგილი უკავია. ქართველმა გოგონებმა ვერცერთი ქულის აღება ვერ შეძლეს, კარში 20 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ორი — გაიტანეს.