თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში 21 მაისს „ღამე მუზეუმში“ გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
აქცია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზებაა.
აქციის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიების მონაწილენი გახდნენ. მათ შორისაა ექსკურსიები საათში ერთხელ, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო-შემეცნებითი თამაშები, სახალხო კითხვა, სპექტაკლები, დისკუსიები, კონფერენციები, ვიქტორინები და პოეტური საღამოები.
„ღამე მუზეუმში“ საქართველოს ყველა მუზეუმში 21:00-დან 01:00 საათამდე გაიმართება. შესვლა უფასოა.
„ღამე მუზეუმში“ პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში სახელწოდებით „მუზეუმების გაზაფხული“ ჩატარდა. 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს „მუზეუმების გაზაფხული“ „ღამე მუზეუმში“ გახდა.