ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმის შენობა არ იყიდება

© photo: Sputnikეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად არქეოლოგიური მუზეუმის შენობიდან ექსპონატების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმის შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, საპრივატიზაციო ნუსხაში არ შედის და ამ ეტაპზე არ იყიდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საზოგადოებრივმა კომიტეტმა „საყდრისმა“ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო არქეოლოგიის თბილისის ცენტრის გაყიდვას აპირებს. შენობა ავარიულია და უწყება მის გაყიდვას სიმბოლურ ფასად გეგმავს, აცხადებენ „საყდრისში“ და არქეოლოგიური ცენტრის ადგილზე დატოვებას მოითხოვენ.

ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები პროგნოზირებულს 23%–ით აჭარბებს

„თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“. აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში“, — აღნიშნულია სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო პატივს სცემს საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ითხოვს, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მასმედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია.

„მცხეთაში არქეოლოგიური ბაზა 1 ლარად გაყიდეს. სავარაუდოდ, ამ შენობას სიმბოლური ფასი დაედება და შემდეგ, როგორც წესი, კორუფციული გარიგება შედგება და ეს შენობა ვიღაცის ხელში აღმოჩნდება“, — განაცხადა „საყდრისის“ წარმომადგენელმა ირაკლი მამალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ ისინი შენობას საკუთარი სურვილით ტოვებენ, რადგან ის ავარიულია.

ჩვენ ევაკუაციის გეგმას ვახორციელებთ. სხვადასხვა ადგილზე თანდათან გადაგვაქვს მასალები. პროცესი, რომელშიც კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროები გვეხმარებიან, მიმდინარეობს და ველოდებით, რომ ამ შენობის ნაცვლად, რომელსაც ჩავაბარებთ, სხვას მოგვცემენ“, — განაცხადა მახარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0