თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 47 მლნ ლარი შევიდა, ხოლო წინასწარი გათვლებით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 103 მლნ ლარამდე (42,9 მლნ აშშ დოლარი) უნდა გაიზარდოს, რაც წლიური საპროგნოზო გეგმის 123%–ია (83,8 მლნ ლარი).
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის ანგარიშში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“.
2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პროვატიზაციის შედეგად შემოსული თანხის რაოდენობამ 173,1 მლნ ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული მართვის სააგენტომ აღნიშნულ პერიოდში 2 042 აუქციონი გამოაცხადა.
„მიმდინარეობს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მიზანია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული უმოქმედო საწარმოების რაოდენობის შემცირება“, – ნათქვამია ანგარიშში.
1 სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაში 223 საწარმოა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცესი.