არგენტინიდან პასუხი მოვიდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიპელე
პელე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ პელეს საქართველოში ჩამოსვლას ა.წ. 26 ივნისსა და 20 ივლისს შორის ვარაუდობს, ხოლო პელეს მოწვევასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება სავარაუდოდ ა.წ. მაისის თვეშია დაგეგმილი.

ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ „არგენტინის სახლი საქართველოში“, რომლის პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილია, აპრილის თვეში გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ფეხბურთის მეფე პელე ჩამოვა. ამ ფაქტის შესახებ ეცნობა საქართველოს ოფიციალურ წრეებსა და არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნების პრეზიდენტებს, რომლებსაც ნიკოლოზ პატარქალიშვილმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ა.წ. 12 აპრილს, არგენტინის პრეზიდენტის „კასა როსადას“ გუნდის სახელით ნიკოლოზ პატარქალიშვილმა მნიშვნელოვანი საპასუხო წერილი მიიღო.  

აღნიშნული თემასთან დაკავშირებით, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ პრეზიდენტს, ბატონ ნიკოლოზ პატარქალიშვილს დავუკავშირდით.

— მოგახსენებთ, რომ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის, ეკონომიკური,  კულტურულ-სპორტული თანამშრომლობის გაღრმავებას, ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელით არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის  ქვეყნების პრეზიდენტებს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილები, რასაც დავურთეთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებისა და თბილისის მერიის წერილები. მათში გამოთქმულია მზადყოფნა თანამშრომლობის დაწყებისა და შემდგომში გაღრმავების შესახებ, ასევე სიღნაღის საკრებულოსა და გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანხმობის წერილებიც.

მინდა სიხარულით გაცნობოთ ის ფაქტი, რომ არგენტინის პრეზიდენტის სამთავრობო გუნდის,,,კასა როსადას“ სახელით უკვე მომივიდა პასუხი, სადაც ისინი მადლობას მიხდიან და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საკითხის განსახილველად ისინი უახლოეს ხანში მიმართავენ ბიზნეს-ფორუმს, რათა ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს. დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ საუბარია ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და სხვადასხვა სფეროში  ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე საკითხებზე. ადგილზე გველოდებიან ბრაზილიელი და ურუგვაელი პარტნიორები, რათა მათთან მოლაპარაკებები უშუალოდ ვაწარმოოთ.

საქართველოში პელე ჩამოდის - Sputnik საქართველო
საქართველოში პელეს ჩამოსვლას სხვა სიურპრიზებიც მოყვება

მინდა შეგახსენოთ, რომ 15 მაისს, ამ საქმეში ფინანსური მხარდაჭერისთვის მე უკვე მივმართე საქართველოს საქველმოქმედო ფონდ,,ქართუს” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერს, ბატონ კახი კალაძეს.  ასე რომ, ამის შემდეგ საქმე უკვე საქართველოს ოფიციალურ წრეებზეა, მე მათგან დროულ რეაგირებას ველოდები, რადგან დრო აღარ ითმენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ პატარქალიშვილის განცხადებით, საქართველოში პელეს ჩამოსვლას მოყვება მთელი რიგი ღონისძიებები: ჩატარდება არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ბიზნეს-ფორუმი, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში, მასში„პელეს თასზე“ არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით, ჩამოვა რიოს კარნავალში მონაწილე ბრაზილიის მულატ ქალთა ანსამბლი, არგენტინული ტანგოსა და სამი ქვეყნის უმაღლესი კლასის მუსიკოსები. გაიხსნება 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია, რომელშიც აისახება მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილი, ნაჩვენები იქნება პელეს და ქართველი ფეხბურთელების ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. 

 ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ პელეს საქართველოში ჩამოსვლას ა.წ. 26 ივნისსა და 20 ივლისს შორის ვარაუდობს, ხოლო პელეს  მოწვევასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება სავარაუდოდ ა.წ.  მაისის თვეშია დაგეგმილი.


ყველა ახალი ამბავი
0