მარგველაშვილი აფხაზეთის „საზღვართან“ დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მკვლელობის საკითხს ყველა ფორუმზე დააყენებს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურჩის მცხოვრებ გიგი ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ის აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ოთხოზორია 19 მაისს ოთხმა უცნობმა პირმა დაჭრა. ის იმავე დღეს ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა.

„ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა უკვე მოახდინეს ამ საკითხზე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაყენებული არიან საქმის კურსში“, — განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის დაყენებას მომავალ საერთაშორისო ფორუმებზე აპირებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს

ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან არაფერი აქვთ საერთო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, ახალი პროპაგანდისტული სავარჯიშოებისთვის გამოიყენა თემაზე „რუსული ოკუპაცია“. ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს ამ ნამდვილად სამწუხარო შემთხვევასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს, 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0